რა არის პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL)
პროექტზე დაფუძნებული სწავლების თეორიული საფუძველი – პროექტზე/მაგალითზე
დაფუძნებული სწავლების საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩნდა
განმანათლებლისა და ფილოსოფოსის ჯონ დიუის ნაშრომებში (1938). მის მიერ დაარსებული
ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ლაბორატორიული სკოლა სწორედ კვლევის პრინციპებს
ეფუძნებოდა. დიუი ამტკიცებდა, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს „კეთების“
საშუალებით, პრობლემური სიტუაციის კვლევით, სხვადასხვა მაკეტისა თუ სქემის
დამზადებით. მისი აზრით, სწავლების ტრადიციული სისტემა ანგარიშს არ უწევდა ბავშვის
მოთხოვნილებებსა და განვითარების თავისებურებებს. ჯონ დიუის სწამდა, რომ სკოლა
უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან
ჩართულნი ერთობლივი მიზნებისა და ინტერესების თანამშრომლობის გზით
განხორციელებაში. აღნიშნულ სწავლების მეთოდიკას ეხმიანება ასევე მარია მონტესორის
(1935) პედაგოგიური კონცეფციაც. მონტესორის მიდგომა, პირველ რიგში გულისხმობს
ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ ქმედებებს. მოსწავლის განვითარება უფრო ეფექტურია
პრაქტიკული აქტივობებით, რადგან განვითარება დაკავშირებულია გარემოსთან, რომელიც
იძლევა სტიმულს პროგრესისთვის. მონტესორი თვლიდა, რომ პროექტებით მოსწავლეს შეუძლია
სიღრმისეულად შეისწავლოს სხვადასხვა თემა, განივითაროს ემოციური ინტელექტი (EQ) და
მოახდინოს ცოდნის კონსტრუირება.
PBL – პროექტზე დაფუძნებული სწავლება : 1990 – იანი წლების
დასაწყისში მკვლევარებმა დაიწყეს PBL- ის შესახებ ემპირიული მონაცემების
შეგროვება. როცა მოსწავლეებს ბეზრდებათ სწავლა და არ არიან ჩაბმულნი პროცესში,
მათი კარგი განათლებისა და სწავლის შანსი მცირდება (Blumenfeld, 1991). კვლევებმა
აჩვენეს, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს ბეზრდება სკოლა, მათაც კი ვისაც სტანდარტული
ტესტების მიხედვით მაღალი ქულები აქვთ . დაახლოებით მსგავს პოსტულატს
აყალიბებს გარდნერი, როცა ამბობს, რომ ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც სკოლას
უმაღლეს ქულებზე ამთავრებენ პრობლემები ექმნებათ უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან
მათ არ აქვთ ნასწავლი მასალის ღრმა, გააზრებული ცოდნა. პრობლემის მიზეზი არის
სწავლების არასწორი სტრუქტურა. მკვლევართა უმეტესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ
მასწავლებლების ინდივიდუალური აქტივობები ყოველთვის არ არის ეფექტური, რადგან
საკითხის ერთი კუთხიდან დანახვება ყოველთვის არ აღძრავს ინტერეს მოსწავლეში.
მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი პერსპექტივების შეთავაზება ბავშვისთვის, რაც უნდა
უზრუნველყოს მასწავლებლების კოლაბორაციულმა თანამშრომლობამ. აღნიშნული პრობლემის
გადაწყვეტის ერთ-ერთი პოტენციური გზა არის სწორედ PBL – ი, პროექტზე დაფუძნებული
სწავლება. განათლების სფეროს
სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი ტიპის სასწავლო პროგრამების გამოყენება, რომელთა
მიზანი იყო სასწავლო პროცესებში მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი
გარემოს გაუმჯობესება. PBL-ი უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესებს და ორიენტირებულია
თანამშრომლობითი პროცესების სტრუქტურირებაზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლება
სიტუაციური სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, ამ დროს მასწავლებლები და მოსწავლეები
ეცნობიან რეალურ, არსებულ პრობლემებს, ქმნიან ინტერდისციპლინურ ჯგუფებს, განიხილავენ
ჰიპოთეზებს და პრაქტიკულად ახორციელებენ ცალკეულ იდეებს.
PBL- ის სტრუქტურა : 1) რეალურ სამყაროსთან კავშირი; 2) პრობლემის პრაქტიკული
გადაწყვეტა; 3) თანამშრომლობითი სწავლება; 4) მოსწავლეზე ორიენტირება; 5) მრავალმხრივი
შეფასება.
PBL – მასწავლებლის როლი :
პროექტზე დაფუძნებული სწავლების განხორციელების დროს
მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მასწავლებელს, ის ხდება ფასილიტატორი და მოსწავლეს ხელს
უწყობს დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა-ძიება. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საგნის
პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროექტები, რადგან ინტერდისციპლინურ
აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით
დანახვაში. PBL – ის, როგორც პედაგოგიური მიდგომის ერთ-ერთი ცენტრალური თვისება არის
მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და
შენარჩუნება. ინტერდისციპლინური ჯგუფები მნიშვნელობას იძენს, რადგან ხელს უწყობს
ინტეგრირებულ სწავლებას, მასწავლებლები აყალიბებენ ინტერდისციპლინურ კურიკულუმებს,
მუშაობენ ერთად და პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით ქმნიან არაფორმალურ ურთიერთობებს.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მიდგომას ახასიათებს სამი ძირითადი ასპექტი: 1.
სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს; 2. მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში; 3. მასწავლებელი არის „ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც უხდება წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერეხებს მის გადაჭრას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს - თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავალაში.
ამ თემის ფარგლებში შევისწავლეთ და გავეცანით კიდევ ერთ ისეთ მნიშვნელოვან სასწავლო ინსტრუმენტს, როგორიცაა WebQuest. შევქმენით ჩვენი პროექტების ნიმუშები, რასაც ლინკის სახით აქაც წარმოგიდგენთ:
http://zunal.com/webquest.php?w=407318
ამ თემის ფარგლებში შევისწავლეთ და გავეცანით კიდევ ერთ ისეთ მნიშვნელოვან სასწავლო ინსტრუმენტს, როგორიცაა WebQuest. შევქმენით ჩვენი პროექტების ნიმუშები, რასაც ლინკის სახით აქაც წარმოგიდგენთ:
http://zunal.com/webquest.php?w=407318
Comments
Post a Comment